English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ გივი მაკალათია
საქართველოს დეფიციტური ბიუჯეტი და სახელმწიფო ვალი

რეზიუმე: თანამედროვე საერთაშორისო ბაზარზე გამძაფრებული კონკურენტული გარემოს პირობებში ქვეყნის განვითარებისათვის კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ეფექტიანი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის. თავისი არსით, სახელმწიფოს საბიუჯეტო პოლიტიკა ძალზე კომპლექსური და ფართო თემაა. საქართველოში ბოლო წლების მანძილზე საბიუჯეტო შემოსულობების ოპტიმიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა საყურადღებოა სახელმწიფო ვალის ზრდა. მოცემულ ნაშრომში გამოყოფილია დეფიციტური ბიუჯეტის ხარჯვის ტენდენციები და სახელმწიფო ვალის აღების საჭიროება, აგრეთვე შეფასებულია აღებული კრედიტების მიზანმიმართულობა და მიღებული სარგებელი.

საკვანძო სიტყვები: საბიუჯეტო პოლიტიკა, დეფიციტური ბიუჯეტი, გარდამავალი ეკონომიკა, სახელმწიფო ვალი

შესავალი

2011 წელს საქართველოში მიღებულია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონი, რომელიც განსაზღვრავს ნაერთი ბიუჯეტის, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის პარამეტრებს მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით. ეს პარამეტრები შემდეგნაირად არის განაწილებული: ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი არა უმეტეს 3%, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა არაუმეტეს 30%, ხოლო სახელმწიფო ვალი არაუმეტეს 60%.[იხ. www.matsne.gov.ge]   მიმდინარე პერიოდში სახელმწიფო ვალი 43%-ია მშპ-სთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი არ დარღვეულა, ამ სტატიაში ჩვენი მიზანია დეფიციტური ბიუჯეტისგან გამოწვეული სახელმწიფო ვალის გახარჯვის მიზნობრიობის შეფასება, მიღებული სარგებლის ანალიზი და ზრდის შეჩერების გზების ძიება.

* * *

სახელმწიფოს დეფიციტური ბიუჯეტი 2008 წლიდან მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფო საგარეო ვალს და მან დღევანდელი მდგომარეობით 5,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საშინაო ვალი 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეროვნული ვალუტის დევალვაციის შედეგად ლარში გამოსახული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია და 17,9 მილიარდ ლარს შეადგენს. 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ვალდებულებების ზრდა განსაზღვრულია 1,986 მლნ. ლარით, ხოლო ვალდებულებების კლება  760 მლნ. ლარით, ვალდებულებების ცვლილება  კი  -  2018 წელს 1,226 მლნ.ლარია. რაც შეეხება  2019  წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, კანონპროექტში ვალდებულებების ზრდა განსაზღვრულია  2,160 მლნ. ლარით, კლება 933 მლნ. ლარით, შესაბამისად კრედიტის მოცულობა კვლავ 1, 226 მლნ. ლარი რჩება.[იხ. www.mof.ge ] ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 9,6% -ია (ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 10%-ია). დონორებისგან მოზიდული კრედიტები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებისკენაა მიმართული.  რატომ იზრდება საბიუჯეტო გადასახდელები ყოველწლიურად, თუ მის უზრუნველსაყოფად ვალის აღებაც გვიწევს? სახელმწიფო დანახარჯების ზრდა ჯონ მეინარდ კეინზის ზოგადი თეორიის მიხედვით, ერთობლივ მოთხოვნას ახალისებს, რაც ეკონომიკურ კრიზისებს ამცირებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მიწოდების ეკონომიკის თეორიის მიხედვით, კი სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევა ნაკლებად სასურველია, რადგან მიწოდება თავისით ქმნის მოთხოვნას და შესაბამისად, ეკონომიკაც წონასწორობაშია, ხოლო საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემა შემაფერხებელ ფაქტორად განიხილება. აღნიშნული თეორიების კომბინირებულ ვერსიას ნეოკლასიკური სინთეზის თეორია წარმოადგენს, რომელშიც კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ფინანსები ნაწილდება ისე, რომ შეიზღუდოს მწვავე რეცესიული პროცესები ან  გადაჭარბებული „ეკონომიკური ბუმი“. აღნიშნული კანონის პარამეტრების მიხედვით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ საქართველოში ნეოკლასიკური სინთეზის თეორიის მიდგომები სჭარბობს (თუმცა რომელიმე თეორიის სრულად მისადაგება საქართველოს რეალობასთან ძალზე სადავო თემაა). უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად, მისი ხარისხობრივი  მხარეც უნდა განვიხილოთ, ანუ როგორია სახელმწიფოს ბიუჯეტის შეზღუდული რესურსების გახარჯვის ეფექტიანობა და მიზანმიმართულობა. თუ ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, სახელმწიფომ თავისი ფინანსური რესურსი უნდა მიმართოს ამ მიმართულებით, რადგან საზოგადოებრივი საქონლის შექმნის ფუნქცია სწორედ სახელმწიფოს ეკისრება. თუ კერძო სექტორის მთავარ ბარიერს ინფრასტრუქტურა აღარ წარმოადგენს, მაშინ იგივე ძალისხმევით სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარება მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდას ვეღარ მოგვცემს. მაშასადამე, თუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის სახელმწიფო შემხვედრ ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით  დგამს, მაშინ საბიუჯეტო გადასახდელების ზრდა, მითუმეტეს ვალის აღებით, გაუმართლებელია, მაგრამ ერთობლივ მოთხოვნას იგი ასტიმულირებს. ამ შემთხვევაში ეკონომიკა იზრდება ვალის დახმარებით და არა უმეტესად თავისი იმანენტური სტრუქტურული ძვრებით. საქართველოში სწორედ ამგვარ სიტუაციას ვხვდებით. დონორებისგან მოზიდული კრედიტების 80% ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. [იხ. www.mof.ge ]  დღესდღეობით, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორს ძირითადად ძვირი კრედიტები და არაჯანსაღი კონკურენტული ბაზარი წარმოადგენს. [ხადური, 2018] კარგი იქნებოდა ბაზრის დივერსიფიცირება, განსაკუთრებით ფინანსურ ბაზარზე. აუცილებელია საფონდო ბირჟის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის კანონმდებლობის მოწესრიგება. ფასიანი ქაღალდების ბაზარი საბაზრო ეკონომიკის ინკლუზიური განვითარებისათვის ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. შესაბამისად, საბიუჯეტო პოლიტიკა ამ მიმართულებითაც უნდა ითვალისწინებდეს დანახარჯებს, ეკონომიკური ზრდა კი შემდგომი ვალების აღების შემცირების მთავარი გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 4-5 % - ია, უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებას პირდაპირპროპორციულად არ გულისხმობს. ეკონომიკური განვითარება შეიძლება შეფასდეს შემდეგი მაჩვენებლებით: დაბალი  უთანასწორობით, მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს ყოველწლიური ზრდით, დაბალანსებული ან დადებითი საგარეო სავაჭრო ბალანსით, დაბალი უმუშევრობის დონით, ეროვნული დანაზოგების ინვესტიციებად დროულად გადაქცევით და სხვა. მოცემულ მაჩვენებლებთან მიმართებით საქართველოში მწვავე პრობლემებია: მაგალითად,  ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, უთანასწორობის დონე მაღალია და შეადგენს 0,4-ს. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბოლო წლების მანძილზე (სასაქონლო სავაჭრო სალდო) 5 მლრდ. აშშ დოლარზე მეტია. უმუშევრობის დონე 13,9%-ია. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თვითდასაქმებულთა და უმუშევართა საერთო რაოდენობა 70% შეადგენს. ყველაზე მეტი თვითდასაქმებული სოფლის მეურნეობაშია და მათი უმრავლესობა აწარმოებს პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის. [„საქართველო 2020“, 2014 :9] მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში, 2017 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი კი მხოლოდ 8,2%-ია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას. დანაზოგების ½ ინვესტიციებად გადაიქცევა, ხოლო დანარჩენი იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხად, რაც ნამდვილად არასახარბიელო მაჩვენებელია.  მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება და 2017 წლის მონაცემებით 10 204 ლარს შეადგენს (თუმცა ის საშუალო მაჩვენებელია და გასათვალისწინებელია უთანასწორობის დონე). [იხ. www.geostat.ge ]

ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მისასალმებელია მცირე ბიზნესის სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია აგრეთვე ეკონომიკური ზრდის კუთხით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. ერთი მხრივ, საბიუჯეტო ინტერვენციები და, მეორე მხრივ, ეროვნული და უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანი ფაქტორებია ეკონომიკური ზრდისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო ეროვნული დანაზოგები მწირია [ხადური, 2018], აქცენტი გადატანილია საბიუჯეტო პოლიტიკაზე და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე 12 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში. უნდა აღვნიშნოთ, რომ მრეწველობის მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნაკლებად მიედინება (2017 წლის მონაცემებით 5%),[იხ. www.geostat.ge]  შესაბამისად, სტრუქტურულად ეკონომიკის გაჯანსაღებას პუი ნაკლებად უწყობს ხელს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ქვეყნის რეალური სექტორის განვითარების მოლოდინები გადაჭარბებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორს საქართველოს მოუწესრიგებელი კანონმდებლობაც  წარმოადგენს. [ჭარაია, 2018] აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფექტიანი საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება ძალზე მნიშვნელოვანია.

2004 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი თვალსაჩინოდ მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. სახელმწიფო ვალის აღსანიშნავი ზრდა  2008 წლიდან იწყება, ამიტომაც საინტერესოა განვიხილოთ ბოლო 10 წლის სტატისტიკური მონაცემები. 

 ცხრილი 1

სახელმწიფო ბიუჯეტის დინამიკა 2008-2018 წლებში                                         

მლნ. ლარი

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები

6,785

6,754

6,972

7,459

7,806

8,104

9,009

9,703

10,292

11,720

12,459

ყოველწლიური ზრდა

-

-31

218

487

347

298

905

694

589

1,428

739

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ცხრილი 2

მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა 2010-2017 წლებში                                 

მლნ. ლარი

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

რეალური მშპ

20734,4

22241,4

23653,8

24454,9

25585,6

26322,5

27072,4

28422,3

აბსოლიტური ზრდა

-

1507,0

1412,4

801,1

1130,7

736,9

749,9

1349,9

პროცენტული ცვლილება

 

7,2

6,4

3,4

4,6

2,9

2,8

5,0

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც მოცემული ცხრილებიდან ჩანს, სახელმწიფო ბიუჯეტის მზარდი ტენდენცია მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისათვის.  2011 წლიდან ეკონომიკური ზრდა მცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების წინა წელთან შედარებით ნაკლები ნაზრდის კვალდაკვალ. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას 2013 წელს სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად თავისი მიზეზი ჰქონდა ბიუჯეტის გარღვევის სახით ( 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფაქტობრივმა შესრულებამ წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული გეგმიური მაჩვენებლის 92% შეადგინა). [იხ. www.sao.ge ] 2014 წელს ბიუჯეტის გადასახდელების ზრდა ისევ იწვევს ეკონომიკის ზრდას. საინტერესოა 2017 წლის საბიუჯეტო გადასახდელების მკვეთრი ზრდა, რომელიც მეტია რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის აბსოლუტურ ზრდაზე. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფლაციამ „შეჭამა“. 2017 წელს ინფლაცია დაფიქსირდა 6,7%, რომელიც ძირითადად აქციზის გაზრდამ გამოიწვია.

ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ქვეყანაში, თუმცა ეროვნული წარმოების დონე კვლავ დაბალია, რაზეც მიუთითებს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ეკონომიკური ზრდა. მხოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის ინფრასტრუქტურის ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა (2017 წელს - 76-ე ადგილი). მოცემული ინდექსი აერთიანებს როგორც სახმელეთო, საჰაერო და საპორტო, ასევე ტურისტული სერვისების ინფრასტრუქტურას.[იხ. www.weforum.org ]

სახელმწიფო ვალის აღების გარეშე საქართველოს ეკონომიკურ ზრდას  არსებითი პრობლემები ექმნება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია ვალის აღების ზრდის ტენდენციაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი (მაგ. ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, კერძო საკუთრების დაცულობა, გაუმჯობესებული ინფასტრუქტურა და ა.შ.), ეკონომიკური ზრდა კვლავ დაბალია (საშუალოდ 4-5%).

გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა არ შეიცვალოს კლებისკენ, ქვეყანა იძულებულია ყოველწლიურად დაგეგმოს ბიუჯეტის დეფიციტური  ხარჯვა, რადგან  მთლიანი სალდო უარყოფითია. იმისათვის, რომ მთლიანი დეფიციტი გავზომოთ, უნდა ავიღოთ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების, ანუ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი. 

ცხრილი 3

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის დინამიკა 2008-2018 წლებში

მლნ.ლარი

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

საოპერაციო სალდო

443,3

-132,5

385,6

1087,1

1064,3

711,2

388,1

782,9

549,9

1256,9

არაფინანსური აქტივების ზრდა

826,7

1041,4

1320,9

1298,0

1219,0

1014,9

967,6

1123,9

1029,3

1581,0

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი

-383,4

-1173,9

-935,3

-210,9

-154,7

-303,7

-579,5

-341,0

-479,4

-324,1

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო წლების მანძილზე საოპერაციო სალდო დადებითია და მხოლოდ 2009 წელს დაფიქსირდა უარყოფითი (-132 მლნ. ლარი) ნიშნული, რაც ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგია, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტს კი იწვევს არაფინანსური აქტივების ზრდა. მაშასადამე, სახელმწიფო ვალების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არაფინანსური აქტივების ზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ არაფინანსური აქტივების ფუნქციური დატვირთვა ცალკე განსახილველი თემაა, მოკლედ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საკმარისი არ არის. ეს ბოლო წლების ექსპორტ - იმპორტის მაჩვენებლების ტენდენციებმა ნათლად დაადასტურა. მიუხედავად ამისა, მიღებული კრედიტები აღნიშნული მიმართულებით კვლავ მიედინება. ჩვენი აზრით, უპრიანია სახელმწიფოს მიერ იძულებით აღებული ვალი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებისთვის დაიხარჯოს უფრო მიზანმიმართულად. ამ მხრივ კი, განვლილი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, საჭიროა ფინანსების მიმართვა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, არამედ უშუალოდ სახელმწიფოს მიერ  გარკვეული რისკების  თავის თავზე აღებისათვის, რომელიც შეიძლება გამოიხატოს საწარმოო დანიშნულების საქონლის შეძენაში მეწარმეებისათვის [არევაძე, ბიბილაშვილი, 2018], რაც ბიზნესისათვის დამატებითი ფინანსური ხარჯებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის წინაპირობა იქნება. შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს როგორც ექსპორტის წახალისება, აგრეთვე იმპორტჩანაცვლების სტრატეგიების შემუშავებაც [ღაღანიძე, რამიშვილი, 2018]. ამ მიმარულებით კი სახელმწიფოს ჩართულობის, შესაბამისი საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავების გარეშე რთული მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებლად მიგვაჩნია. სახელმწიფო ვალით მოზიდული ფინანსური რესურსი კი უშუალო კავშირში უნდა იყოს მოცემულ სტრატეგიებთან (ეს საკითხი ცალკე განსახილველია და ღრმა ანალიზს მოითხოვს), სხვა შემთხვევაში კი არამიზნობრივად გახარჯვის ალბათობა, ჩვენი აზრით, მაღალია.  ქვეყნისათვის დეფიციტური ბიუჯეტის ხარჯვა შეიძლება არ წარმოადგენდეს პრობლემას, თუ ის არ იღებს სისტემატურ ხასიათს. სამწუხაროდ, საქართველოს მაგალითი ამ მხრივ ნამდვილად არასახარბიელოა. 2008 დან 2018 წლამდე დოლარში გამოსახული სახელმწიფო ვალის ნაშთის მაჩვენებელი  გაორმაგდა, ხოლო ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო ლარში აღნიშნული მაჩვენებელი გასამაგდა და 17,952 მლნ. ლარი შეადგინა.

ცხრილი 4

სახელმწიფო ვალის ნაშთი 2008-2018 წლებში

მლრდ. აშშ დოლარი

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

სულ სახელმწიფო ვალი

2,7

3,7

4,42

5,33

5,5

5,36

5,56

5,5

5,71

6,54

6,65

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მართალია, სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ძალზე მაღალი არაა (43%) და სხვა მრავალ განვითარებულ ქვეყნებს გაცილებით რთული ვითარება აქვთ ამ მხრივ (მაგ. იაპონია 253%, აშშ 105%), [იხ. www.tradingeconomics.com] თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრი ზრდის ეფექტთან ერთად და მეორე მხრივ, სტრუქტურულად ეკონომიკის განვითარება. ამიტომ მექანიკურად  სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო ვალის ტვირთის შედარება არასწორად მიგვაჩნია.  შესაბამისად, თითოეული ქვეყნის სახელმწიფო ვალის წნეხი უნდა შეფასდეს ღრმა ეკონომიკური ანალიზის შედეგად. საქართველოსათვის აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი, ჩვენი აზრით, არ ნიშნავს დაბალ საკრედიტო ტვირთს.

დასკვნა 

ამრიგად, საქართველოს მომხმარებლური ეკონომიკის გათვალისწინებით სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპი ძალზე საყურადღებოა და საჭიროებს ეკონომიკური პოლიტიკის უკეთ გაანალიზებას. სახელმწიფო ვალის მიერ პოტენციურად შესაძლებელი ეკონომიკური სარგებელი მიმდინარე პერიოდში ძალზე დაბალია (მაგ. რეალური სექტორის განუვითარებლობა), ხოლო გრძელვადიან პერიოდში გარკვეულ პერსპექტივას ქმნის, (მაგ. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა), მაგრამ ეკონომიკის განვითარება მაინც სათუოა. ჩვენი აზრით, უპრიანია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შესამცირებლად, საექსპორტო საქონლის საწარმოებლად კონკრეტული პროექტები დაიგეგმოს, სადაც შეიძლება გამოყენებული იქნეს დონორებისგან მოზიდული ფინანსური რესურსი. დაბალანსებული საგარეო სასაქონლო ვაჭრობა კი ეკონომიკის სტაბილურად  განვითარების წინაპირობაა. 

  გამოყენებული ლიტერატურა 

1.არევაძე ნ. ბიბილაშვილი ნ., 2018,  კორეის რესპუბლიკის ინოვაციური სისტემის თავისებურებები, ჟ.: „ეკონომისტი“, ტომი 14, № 1, gv. 142 

2.მოხსენება საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. https://sao.ge/audit/report-on-budget-execution/2013 

3.საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020. http://www.economy.ge/uploads/ecopolitic/2020/saqartvelo_2020.pdf 

4.ღაღანიძე გ. რამიშვილი ბ., 2018,  საქართველოს უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს გამომწვევი მიზეზები და მათი დაძლევის გზები,  ჟ.: „ეკონომისტი“, ტომი 14, № 2, გვ. 6 

5.ჭარაია ვ., 2018, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციები და სარგებელი საქართველოსთვის, ჟ.: „ეკონომისტი“, ტომი 14, № 1, გვ. 53 

6.ხადური ნ., 2018,  ინკლუზიური ზრდის ფაქტორები და საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ჟ.: „ეკონომისტი“, ტომი 14, № 1, გვ. 37

7. კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1405264?publication=2

8. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2018“ https://www.weforum.org/reports/the-global-competitiveness-report-2017-2018

9."საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი https://mof.ge/5187

10.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება “2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ”  https://sao.ge/files/auditi/moxseleba-biujeti-2013.pdf

11. https://tradingeconomics.com

12. www.geostat.ge